„ალტ-ინფოს“ წახალისება უდიდესი ჩავარდნაა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით - „თბილისი პრაიდი“

პუბლიკა

„თბილისი პრაიდი“ ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრირებას ეხმაურება და პარლამენტს 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, „ალტ-ინფო“ გარდა იმისა, რომ ძალადბორივი გამოსვლების ორგანიზატორია, ღიად აფიქსირებს პრორუსულ ორიენტაციას და ემხრობიან საქართველოში რუსული ბაზების არსებობას.

შესაბამისად, ეს ძალადობრივი ჯგუფი წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, თავისი ძალადობრივი და პრორუსული რიტორიკით. ხელისუფლების მხრიდან კი მისი წახალისება, რაც პარტიად რეგისტრირებით დასრულდა, არის უდიდესი ჩავარდნა როგორ ადამიანის უფლებების, ისე უსაფრთხოების კუთხით.

„მათი ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ალტ-ინფო“ საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა.

„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა ისინი თავად წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის – ერთი მხრივ, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და მეორე მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ალტ-ინფოს“ მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა – ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია – არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს პარლამენტს, შექმნას 5 ივლისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისია და მასთან ერთად სხვა მექანიზმებით ხელი შეუშალოს ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

„ალტ-ინფოს“ ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები.

Სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის მოვლენებზე და ამავდროულად, ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.