„ღირსეული ანაზღაურება ექთნებს" | რამდენი უნდა იყოს ექთნების საცხოვრებელი ხელფასი

პუბლიკა

„კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება”, – ასეთია კვლევის სახელწოდება, რომელიც ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“  ჩაატარა. კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტისგან შედგება. რაოდენობრივი ნაწილისთვის კითხვარის შევსებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით კერძო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულმა 307-მა ექთანმა.

თვისებრივი ანალიზისთვის კი სიღრმისეული ინტერვიუს ინსტრუმენტით გამოიკითხა 21 ექთანი, ასევე ჩატარდა ორი ფოკუსჯგუფი. გარდა ამ კვლევისა, „სოლიდარობის ქსელმა” ასევე მოამზადა შეფასებითი დოკუმენტი, რამდენი უნდა იყოს ექთნების საცხოვრებელი ხელფასი. გთავაზობთ აღნიშნული ორი დოკუმენტის ძირითად მიგნებებს:

კვლევაში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა ექთნების ისედაც მძიმე შრომითი პირობები. ექთნები პანდემიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ დაუცველები. სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა საკადრო და შრომის პოლიტიკაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ Covid-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ პანდემიისას სამუშაოს მატებასთან ერთად ექთნების 60%-თვის შრომის პირობები გაუარესდა, ხოლო აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა.

„სტანდარტის არარსებობის გამო ექთნების ხელფასები ვერ პასუხობს საჭიროებების ფინანსური დაფარვის აუცილებლობას, რის გამოც ექთნებს უწევთ რამდენიმე ადგილას მუშაობა, რაც მათ სულ სამუშაო რეჟიმში ამყოფებს და იწვევს გადაქანცვას. ექთნებს მიაჩნიათ, რომ საშუალოდ ღირსეული ცხოვრებისთვის სჭირდებათ 1438-1845 ლარი თვეში.

ექთნების გამოცდილებით, ღირსეული ცხოვრების ხელფასი ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელსაც ისინი იღებენ პანდემიამდე და პანდემიისას. კვლევით ისიც დგინდება, რომ მიუხედავად, რამდენიმე ადგილას მუშაობისა, უმეტესწილად ოჯახის საერთო შემოსავალი მაინც არ აღემატება ხარჯებს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

► პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან 15-24-მდე გაიზარდა;

► ექთნების 88.3%-ს პანდემიისას გაეზარდა სამუშაო დატვირთვა;

► პანდემიისას სამუშაო დატვირთვის გაზრდაში პაციენტების რაოდენობის მატების პრობლემას ასახელებს გამოკითხულთა 56.4%; სამუშაო საათების გაზრდა – 38.7%; შესვენების შემცირება – 35.4%; ანაზღაურების დაკლება – 20.3%; ტრანსპორტის არარსებობა – 40.7%; ყველაფერი ერთად – 28.5%;

► გამოკითხულთა 65.8% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ნაწილობრივ იღებს 17.3%, ხოლო ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას – მხოლოდ 16.9%;

► პანდემიისას კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 54-68 საათიდან 76-92 საათამდე;

► პანდემიისას ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე;

► ექთნების 77.1% მიიჩნევს, რომ ცვლა უნდა მოიცავდეს 12 საათზე ნაკლებს; მათგან 65% ფიქრობს, რომ ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს;

► პანდემიისას ექთნის თვიური ხელფასი საშუალოდ გაიზარდა 250-508 ლარიდან 283- 582 ლარამდე;

► პანდემიისას ექთნის ოჯახის თვიური შემოსავალი საშუალოდ შემცირდა 528-913 ლარიდან 444-837 ლარამდე;

► ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს 1 სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;

► გამოკითხული ექთნების 89.2% საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს არ/ვერ იღებს. 90.1% ხელფასის უკმარისობას მიიჩნევს საჭირო საკვებისა და ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზად;

► რესპონდენტების 71.8% თვეში არაფერს ხარჯავს დასვენებასა და გართობაში, რაც, ძირითადად, განპირობებულია შემოსავლის ნაკლებობით და მხოლოდ ფიზიკურად გადარჩენისთვის აუცილებელი საჭიროებების ხარჯით;

► გამოკითხულთა 95.1%-ს დასჭირვებია ვალის აღება;

► ვალების აღებისთვის 81.4% მიზეზად ასახელებს ხელფასის უკმარისობას, ხოლო 53.4% ვალს იღებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და 33.8% ვალს იღებს სხვა ვალების გასასტუმრებლად;

► ვალის თავისუფლად გასტუმრება მხოლოდ 9%-მა შეძლო;

► ექთნებს მიაჩნიათ, რომ ღირსეული ცხოვრებისთვის მათ საშუალოდ სჭირდებათ 1438-1845 ლარი თვეში.

რამდენი უნდა იყოს ექთნების საცხოვრებელი ხელფასი?

რა არის საცხოვრებელი ხელფასი?

საცხოვრებელი ხელფასის იდეა გულისხმობს, რომ მშრომელების ანაზღაურება იყოს გარანტი „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებისა, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და უნდა შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება”.

„სოლიდარობის ქსელის” თქმით, საცხოვრებელი ხელფასის დათვლა ემყარება 3 კომპონენტს (დეტალურ მეთოდოლოგიას გაეცანით ბმულზე);

ექთნების ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით, 10 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც იგეგმება.