საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს - ვოლსკი ტიკარაძეზე

პუბლიკა

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

„მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია.

რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ… საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.