სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება - კანონპროექტი

პუბლიკა

ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

პროექტი პირველი მოსმენით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გუშინ, 9 დეკემბერს განიხილეს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, რაც უზრუნველყოფს მომავალ თაობებში სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო ჰიმნის პატივისცემის გრძნობის განვითარებას.

აქვე ნათქვამია, რომ კანონპროექტის შედეგად სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.

„შედეგად, ყოველი ბავშვი, პატარა ასაკიდანვე გაითავისებს ეროვნული დროშის, გერბისა და ჰიმნის მნიშვნელობას და გაუჩნდება კუთვნილების გრძნობა საკუთარი სამშობლოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოების მიმართ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.