ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით UNICEF განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:

  • 2009 – 11.5%
  • 2011 – 9.4 %
  • 2013 – 6 %
  • 2015 – 2.5 %
  • 2017 – 6.8 %

„2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.  ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას. შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევა გამოიყენება უმთავრესი სოციალურ- ეკონომიკური ინდიკატორების გასაზომად და მონაცემების მოსაპოვებლად განათლებისა და ჯანდაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.