კამკამიძე: საეჭვო შემთხვევები უკვე არის – „ომიკრონი“, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია

პუბლიკა

ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელი, გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ შტამი უკვე გავრცელებულია. ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არაა, თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა უკვე არის და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.

„რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს ხოლმე დადასტურება სხვადასხვა ვარიანტის. ასეთი საეჭვო შემთხვევები უკვე არის და გადამოწმება მიმდინარეობს ღრმა გამოკვლევებით. ჯერჯერობით, ოფიციალურად აღებული სინჯებიდან არ არის დადასტურებული „ომიკრონის“ არსებობა. სავარაუდოდ, ის საქართველოში უკვე არის. უბრალოდ, ყველა სინჯი არ გადის იმ ტესტირებას, რომელიც მოგვცემს დადასტურებას, რომ ეს არის „ომიკრონი“ თუ დელტა ვარიანტი.

დღეს თუ ხვალ ეს შტამი საქართველოშიც იქნება, უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟია. ჯერჯერობით, დადასტურებული არაა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება და არც ის ვიცით, დაიკავებს თუ არა დელტა ვარიანტის ადგილს.“ – ამბობს გიორგი კამკამიძე.