ლანა ღოღობერიძე: იქნებ მართლაც ყველამ გავიაზროთ, რომ ამდენი სიძულვილი და დაპირისპირება დაგვახრჩობს

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის“  ეთერში  მწერალმა და რეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ საყოველთაო შერიგების და ეროვნული თანხმობის იდეაზე ისაუბრა. მისი თქმით, საყოველთაო შერიგებაზე მოწოდებები საინტერესოა, რადგან იდეები თანდათან ჩნდება და შემდეგ ის იძენს რეალურ შინაარს.

„მე კი ვერ წარმომიდგენია, რომ ახლო პერსპექტივაში, უცებ რეალობად იქცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ თემებზე დაფიქრება პროგრესული და სწორია“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.

„ძალიან მსიამოვნებს, რომ საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, თანხმობაზე, თანაარსებობაზე და ერთად ყოფნაზე საყოველთაო გახდა. ისმის მოწოდებები ყველა დონეზე. ეს საინტერესო მოვლენაა. ზოგისგან ეს საუბარი გულწრფელი მეჩვენება, ზოგისგან ზედაპირული, ხანდახან თვალთმაქცურიც კი, მაგრამ პრინციპი და ტენდენცია ყველა შემთხვევაში კარგია. იდეები, ასე თანდათან საიდანღაც ჩნდება, ტრიალებს ჰაერში და შემდეგ ის იძენს რეალურ შინაარს. მე კი ვერ წარმომიდგენია, რომ ახლო პერსპექტივაში, უცებ რეალობად იქცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ თემებზე დაფიქრება პროგრესული და სწორია.

ისე ახლო მოვიდა სიკვდილი, თვალებში ვუყურებთ, ყოველდღე კვდება ამდენი ადამიანი. ამან ხომ უნდა დაგვაფიქროს ადამიანის მოკვდაობაზე, სიკვდილ – სიცოცხლის არსზე, საერთოდ სიკვდილის სიახლოვეზე, სწრაფმავლობაზე ჩვენი ცხოვრების და ამავე დროს სიცოცხლის მშვენიერებაზე.

ვფიქრობდი, რომ იქნებ ამან დაგვაფიქროს და სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას. იქნებ უცებ ყველამ გავიაზროთ, რომ ამდენი სიძულვილი, ერთმანეთის მიუღებლობა და დაპირისპირება დაგვახრჩობს.

მე საერთოდ ზემოდან წამოსული იდეების არ მჯერა, თუმცა სასარგებლოა, რადგან ამ იდეით უნდა განიმსჭვალოს ყველა. მე უფრო პიროვნების მჯერა, მისი სიძლიერის, ყველა, ცალკეული პიროვნება – მე, შენ, ის, სხვა – ყველა ერთად თუ დავფიქრდებით, რომ მიზანი საერთო გვაქვს და რომ ეს მიზანი დიდი და წმინდაა. ერთი მხრივ, ქვეყნის გამთლიანება და მეორეს მხრივ, ნამდვილი, შინაარსით დატვირთული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარება. ე.წ. დასავლური გზა, რეალური შინაარსის მქონე რომ გახდეს. ამ მიზანს ყველაზე მეტად ჩვენი დაპირისპირება, ქიშპობა, რადიკალიზმი, მიუღებლობა უშლის ხელს.

ეს ხომ უბრალოდ საბჭოთა მემკვიდრეობაა. ეს საბჭოთა სენია. საბჭოთა სენის რეალური გამოვლინება იყო დისიდენტის ფენომენი. დისიდენტი, ანუ ადამიანი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს მტერია. 30-იან წლებში საერთოდ ხალხის მტერი ერქვა. ნუთუ შეიძლება ჩვენ დღეს ამის მემკვიდრეები ვიყოთ. ეს შეურიგებლობა იქიდან მოდის. ჩვენი დამოუკიდებლობა ხომ ძალიან მყიფეა. ვიცით, რომ ყოველ წუთას გველის საფრთხე.

ერთი ის რად ღირს, რაც ხდება უკრაინის საზღვართან. ლავროვის განცხადება, რომელიც თავხედურია, რომ ნატომ უნდა თქვას უარი გაფართოებაზე. ეს წარმოუდგენელია, რომ სხვა სახელმწიფო მოითხოვდეს ასეთ რამეს ევროკავშირისგან და ნატოსთან, რომ ხელი აიღონ სხვა ქვეყნებზე და ამ დროს ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე გამარჯვება მიგვაჩნია გამარჯვებად?! დონკიხოტმა ქარის წისქვილები დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვებამ კაცობრიობას ბევრად მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე ძლევამოსილი მხედართმთავრების ომებმა, ამიტომ იდეას თავისი ძალა აქვს“, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

მისი თქმით, დემოკრატიის საფუძველი განსხვავებულთა ერთობაა. დემოკრატიაა, როცა ძლიერი იცავს სუსტს.

დღეს ძლიერის პოზიციიდან ხელისუფლება საუბრობს. ძლიერმა უნდა გამოიჩინოს სულგრძელობა და უნარი სხვისი გაგების.

ძალიან საინტერესო სიტყვები აქვს ნათქვამი ქართულ ხასიათზე მერაბ მამარდაშვილს. ასეთი რამე აქვს ნათქვამი – ქართულ კულტურაში არსებობს ერთი კოდირებული ელემენტი, მე მას მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევდი. ერი, რომელიც ძლივს არსებობდა საუკუნეთა მანძილზე ტრაგიკულია და ტრაგიკულია მისი კულტურაც, მაგრამ ამავე დროს ამ ერში არის ერთი განსაკუთრებული ტალანტი – სიხარულის ტალანტი. ანუ სიცოცხლის ჟინი. ქართველ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, აქვს ტალანტი სიხარულის და სიხარულის ტალანტმა, რომელიც ყოველ ჩვენგანში არსებობს უნდა გაიმარჯვოს და დავძლიოთ შეურიგებლობა და შეუწყნარებლობა ერთმანეთის მიმართ. იქნებ სოლიდარობის იდეამ გაიმარჯვოს და რა კარგი იქნება, რომ წარმოიდგინოთ სოლიდარობის იდეით განმსჭვალული ადამიანების ერთობა. შერიგება ზედაპირული მცნებაა შერიგება როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი, მაგრამ ურთიერთგაგება, შეთანხმება, თანხმობა, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, გვაქვს საერთო მიზანი“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.