პარტია „დროა“ ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ნინო დოლიძის თქმით, საკითხი უნდა გასცდეს პოლიტიკურ სივრცეს და დაიწყოს მსჯელობა.
„მივიჩნევთ, რომ აუცილებელია, ეს საკითხი გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან და ამასთან დაკავშირებით აკადემიურმა და პროფესიულმა წრეებმა დაიწყონ მსჯელობა. საამისოდ ჩვენ ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის – ისტორიკოსებს, განათლების სფეროს ექსპერტებს, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს (განსაკუთრებით ამ კონკრეტული სახელმძღვანელოების), ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩაერთოს მსჯელობაში. ამისთვის ვთავაზობთ პროცესის წარმართვას, ასევე – სივრცეს მსჯელობისთვის“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.
იგი მოხსენიებულია ქველმოქმედად და მეცენატად, მოთხრობილია მისი მოკლე ბიოგრაფია და ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაღრმავდა ევროპული ინტეგრაცია.
ამან მოქალაქეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. განათლების სამინისტროსთან გაიმართა აქციაც.