თუ ENKA გავა, ნამახვანჰესის პროექტი, შესაძლოა, სახელმწიფომ განახორციელოს - თურნავა

პუბლიკა

„თუ ENKA არ დარჩა ნამახმავანჰესის პროექტში, მაშინ პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ENKA-სთან, რომ არბიტრაჟის გარეშე  დასრულდეს მოლაპარაკებები. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ინვესტორი არ დარჩება პროექტში, შესაძლებელია, სახელმწიფომ განახორციელოს ნამახვანჰესის პროექტი. მისი თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ  სრულად არ იყოს სახელმწიფო ჩართული პროექტში და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი.

„არბიტრაჟი დაწყებული ნამდვილად არ არის, ჩვენ ჯერჯერობით ვიმყოფებით მათთან  მოლაპრაკების პროცესში, რომლის შედეგადაც თუ, დავუშვათ, ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, რა პირობებითაც შეიძლება მათი დაბრუნება, თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან, იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც, საბოლოო ჯამში, მერე ამ პროექტს დაუკარგავს საქართველოს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ ამ შეთანხმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ეს საკითხი – ერთი, ინვესტორთან, და მეორე, იმდაგავრად მოგვარდეს, რომ ეს პროექტი შემდეგ  იყოს გახსნილი კვლავ განხორციელებისთვის.

თუ ინვესტორი ENKA არ დარჩა პროექტში, შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც არ იქნება ურიგო, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამის ირგვლივ და „ლიდერშიპი“ ჰქონდეს სახელმწიფოს. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი“, – თქვა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მსხვილ პროექტებს სჭირდება განსხავვებული მიდგომა, საჭიროა მეტი მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, აშენდება სწორად და სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით“, – განაცხადა თურნავამ.