უმრავლესობა ვავიწროებთ სათამაშო ბიზნესს შეგნებულად, თქვენგან ზიანი არის ძალიან დიდი - ზარქუა

პუბლიკა

„ჩვენ, საქართველოს უმრავლესობა პარლამენტში ვადგენთ და ვავიწროებთ ამ ბიზნესს შეგნებულად, იმიტომ, რომ გვგონია, რომ თქვენგან მომდინარე ზიანი არის ძალიან დიდი”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს კომიტეტის ხსდომაზე.  პარლამენტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესების კანონპროექტს განიხილავენ.

„პირველ ეტაპზე ვაკეთებთ იმას, რომ 25 წლამდე გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეები, თუ ამან შედეგი არ მოგვცა, ვიფიქრებთ იმაზე, რომ სრულად ავკრძალოთ…

ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა, მათ შორის, შესაბამისი ორგანიზაციების თხოვნაა, რომ ამ რეგულაციით მივიღოთ, სადმე თუ იქნება ხვრელი, იმასაც ამოვავსებთ”, – განაცხადა მან.


საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ ახალი რეგულაციების დასაწესებლად კანონპროექტის განხილვის ეტაპზეა. საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე კანონპროექტისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი კი მოიცავს ცვლილებებს რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონშიც. კანონპროექტს სხვა ფაქტორებთან ერთად ამ მიმართულებითაც მოჰყვა კრიტიკა. მედიაკოალიციის შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე სათანადოდ არაა შეფასებული.