ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები - გამყრელიძე

პუბლიკა

ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები, ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 1TV.ge-სთან განაცხადა.

„პირველი არხის“ ცნობით, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება, ალკოჰოლის მიღება, ეს არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს.

„ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მივესალმებით, რომ ოჯახური, მოკრძალებული აღნიშვნა იყოს, მაგრამ ძალიან ნუ გავაფართოებთ ამ არეალს. მე არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, 17 დეკემბერს გავრცელდა შრომის ინსპექციის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია და შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

წუხელ რამდენიმე ღამის კლუბში პანდემიის პირობებში პირველი ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, „ბასიანში“, „მონო ჰოლში“.

ჯერჯერობით, შრომის ინსპექციას არ გაუვრცელებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, დაეკისრა თუ არა ჯარიმა ამ კლუბებს.