ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი კიკილაშვილმა საპატრულო პოლიციას უკანონო დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა მოუგო.
ორგანიზაციის ცნობით, მისი დავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2017 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლოს, მის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ პოლიციას მისი უკანონო დაკავებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
„სამწუხაროდ, სასამართლომ მორალური ზიანი მინიმალური ოდენობით, 100 ლარით განსაზღვრა, თუმცა, ამ საქმეში ირაკლისთვის ბოლომდე დავას და სიმართლის დამტკიცებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა”, – წერს საია.
„ირაკლი 2016 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერა. ირაკლიმ პოლიციას არ მისცა ზედაპირული შემოწმების შესაძლებლობა და შემოწმების საფუძვლის განმარტება მოითხოვა. პოლიციამ არ განუმარტა რის საფუძველზე იყო იგი ვალდებული დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას. შემდგომ, პოლიციამ ირაკლი კიკილაშვილი უკანონოდ დააკავა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შეუდგინა. დაკავების შემდგომ, იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე გაატარა.
მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს განიხილა და საქმე შეწყვიტა, რადგან დადასტურდა, რომ ირაკლი კიკილაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კიკილაშვილი გამართლდა, იმავე სასამართლომ არ იმსჯელა, იყო თუ არა კანონიერი მისი დაკავება და იზოლატორში მოთავსება. სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, სამართალდარღვევის განმხილველმა მოსამართლემ შეამოწმოს პირის დაკავების კანონიერების საკითხიც. ამიტომ, ირაკლის მოუწია ახალი დავის დაწყება საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ეს დავა სასამართლოში 5 წელი განიხილებოდა და საბოლოოდ, 2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა”, -წერს საია.
ორგანიზაციის შეფასებით, ირაკლი კიკილაშვილის საქმე ნათლად აჩვენებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების სათანადო მექანიზმს. სამართალდარღვევის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და პირს ამ საკითხზე პარალელური პროცესის წარმოება უწევს. საია ამ საკითხზე სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს.