თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კლუბების განცხადებით, მას შემდეგ, რაც აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, სახელმწიფო უწყებები საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, არ დაუშვან კლუბების გახსნა.
საკლუბო სცენის წარმომადგენლები მეიჯარეებს მიმართავენ, რომ არ შეასრულონ ხელისუფლების მოთხოვნა და არ დაუშვან მათი ფუნქციონირების შეწყვეტა.
„საკლუბო სცენის წარმომადგენლები, მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ.
ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, მათგან მოითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ცალსახად წარმოადგენს შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ რა თქმა უნდა ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.
მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება.
რაც მთავარია, მოგიწოდებთ ჩვენის სცენის აქტიურ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, გავერთიანდეთ ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერების, იმ საცეკვაო მოედნების გადასარჩენად, რომელიც თითოეული თქვენგანის საკრალურ მომენტებსა და ისტორიებს ინახავს.
ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- The Cultural and Creative Industries Union of Georgia
- 4GB
- BASSIANI
- Boom Boom Booking Agency
- Bude
- CAFE-GALLERY
- Colibri
- DAISI • დაისი
- დედაენის ბარი
- KHIDI
- Kibe
- Left Bank
- Lisi Rest
- Lisi Wood
- MIONI
- Millennials
- მტკვარზე • MTKVARZE
- Mzesumzira
- რეფლექტორი / Reflector
- Swing Festival
- TES
- TIVI • ტივი “