თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, სადაც იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადის ფასის ცვლილებას განიხილავდნენ, ხმაური იყო.
ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციამ ხელისუფლება ფასების ზრდაში დაადანაშაულა, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
თბილისის მერიის ინიციატივით, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის დასუფთავების გადასახადის ცვლილება იგეგმება.
ახალი ტარიფი შეეხება ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერეები, არქივები, კინოთეატრები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები, ოფისები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, უფასო სასადილოები, სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, აგრარული ბაზრები, სალონები, ღამის კლუბები, გასართობი და თავშეყრის ადგილები და ა.შ.
მერია არგუმენტად ასახელებს იმას, რომ იურიდიული პირების რიცხვი გაიზარდა, შესაბამისად მოიმატა მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობამ.
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ბიზნესს, დაახლოებით, ორჯერ გაეზრდება გადასახადი.
გადასახადის ზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს მერიაში ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებაა დაგეგმილი. უწყებაში მედიას განუცხადეს, რომ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მეტ დეტალს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.
საკითხის განხილვა დღეს საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზეცაა დაგეგმილი.