დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ღამის კურიერთან“ აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია მუშაობდა იმ პირობებზე, რა პირობებითაც კლუბები უნდა გახსნილიყო, თუმცა, მისი მტკიცებით, არავის მიუცია კლუბებისთვის დაპირება, რომ ისინი აუცილებლად გაიხსნებოდნენ.
იმნაძის თქმით, შრომის ინსპექცია მუშაობდა პირობებზე, თუმცა ამ დროს ომიკრონის შტამი გავრცელდა.
„ჩემი თაობის ხალხი, მართალია, კლუბებში არ დადის, მაგრამ ვყოფილვარ ხოლმე ერთი-ორჯერ, საქართველოში არა, სამწუხაროდ… შედარება ამისი რესტორანთან, ადამიანები მაგიდებთან სხედან, დისტანციაა, კლასტერები ცალ-ცალკე სხედან… კლუბის სიტუაცია… ნუ, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, მთელ ევროპაში ყველგან დახურულია. მე არ მესმის…
მე მესმის კი, ძალიან მძიმეა კლუბების მეპატრონეებისთვის, დიდი ფინანსური ზარალია და ვიცი, შარშან მაგათ მერიამ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაცია იყო, მახსოვს.
[კლუბებთან] არავითარი შეთანხმება არ ყოფილა [გახსნაზე], მიმდინარეობდა მუშაობა შრომის ინსპექცია მუშაობდა, რაღაც პირობები უნდა ყოფილიყო, რომ დაეწყოთ მუშაობა. მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ, არავინ დაპირებია ამას, ინსპექცია მუშაობდა, მაგრამ გამოჩნდა „ომიკრონი“, – განაცხადა იმნაძემ.
გადაცემის წამყვანმა პაატა იმნაძეს გააცნო კლუბების წარმომადგენლების პრეტენზია, რომ თუკი კლუბის მუშაობა იკრძალება, რატომ არის დაშვებული სხვა ღონისძიებები, მაგალითად, საახალწლო.
„რა ღონისძიებები ახლა, ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? მე მესმის მათი ბიზნესინტერესები და მართლაც ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში ღონისძიებასთან? დახურულ სივრცეში… ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა? არ იციან, კლუბში რა სიტუაციაა? 2000 კაცი დახურულ სივრცეში ერთად რომ ცეკვავს, კარგით რა!“, – განაცხადა იმნაძემ.
რა პოზიცია აქვთ კლუბების წარმომადგენლებს – გაეცანით „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას ვიდეოკომენტარს: