ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას მის სამსახურთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მან არც იცოდა, რომ მსგავს ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობდა. მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა კომიტეტზე კომუნიკაციასთან დაკავშირებით ბრალდებებს უპასუხა. გთავაზობთ პოლემიკას მასსა და ლონდა თოლორიას შორის:
რატი იონათამიშვილი: რატომ არ მოხდა კომუნიკაცია, იყო ასეთი კითხვა, – რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თქვენ პირველად ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენათ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. თქვენ კი ამბობთ, რომ გაიგეთ სააგენტო IPN-იდან.
ლონდა თოლორაია: როდის ჩამაყენა, ხომ არ იცით ეგეც?
რატი იონათამიშვილი: ყოველ შემთხვევაში ჩაგაყენათ იმაზე ადრე, სანამ გაიგებდით IPN-იდან. ასე იყო თუ არა?
ლონდა თოლორაია: როდის? როდის? 25-ში IPN-ზე რომ დაიდო, იმ წამს რომ დარეკა?
რატი იონათამიშვილი: ანუ ჯერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაგაყენათ საქმის კურსში, თუ ჯერ IPN-დან გაიგეთ?
ლონდა თოლორაია: როდის?!
რატი იონათამიშვილი: მე არ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე და არ შემოვალ. უბრალოდ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ეს.
„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად აფასებს.
„კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა”, – წერია NGO-ების განცხადებაში.