პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა და კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცების გადავადებას 2025 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.
შესაბამისი ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის.
მოქმედი საკანონმდებლო ჩანაწერით, მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი მთავრობას 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა დაემტკიცებინა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა „სოციალური კოდექსის“ შემუშავებაზე. სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს, როგორიცაა: სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა.
„შესაბამისად, სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში, ” – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ავტორების თქმით, სოციალური კოდექსის შემუშავება დასრულდება 2023-2024 წელს. ამდენად, შესაძლებელი გახდება მსხვერპლთათვის სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი შესაბამისობაში იყოს „სოციალურ კოდექსთან“.