ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს II მოსმენითაც დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

81 მომხრე, 11 წინააღმდეგი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

გუშინ, 29 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს და იმავე დღეს წამყვან, იურიდიულ კომიტეტზე მისი მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა.

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინიციატივაზე უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და ის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად შეაფასეს.

მმართველმა გუნდმა კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მიიღო.