თუთბერიძე ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო უჩივის

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, ანტიდასავლურ და რადიკალურ ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაახლოებულ პირს, ბექა ვარდოსანიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.

ქეთი თუთბერიძის განმარტებით, მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და კიბერბულინგია.

თუთბერიძის ინტერესებს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ დაიცავს.


2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, რომელზეც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს ბექა ვარდოსანიძე დაუპირისპირდა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით მის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამ.

„2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.