ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებელი ახალი წლის დღეების უქმეებთანაა დაკავშირებული.
„საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტირების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, დაგროვდა ის შემთხვევები, რომლებიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევაა, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში, თუმცა, რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებოა. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 ლაბორატორიული შემთხვევა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტა შტამის, თუმცა კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა, დღევანდელი ვითარებით, არ ახასიათებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და ვაქცინაციის, განსაკუთრებით, ბუსტერდოზის აუცილებლობას, პირადი დაცვის საშუალებებს და თავყრილობებისგან თავის არიდების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
თამარ გაბუნიას მტკიცებით, კლინიკურ სექტორს მაღალი დატვირთვა არ აქვს, საწოლების 50%-მდე თავისუფალია.
„დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. […] განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვასა და იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ“, – განაცხადა გაბუნიამ.