„ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, რომ დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ მე ამაზე არ წავედი, ისე, როგორც არ წავედი წინა ხელისუფლების დროს… არ გამოვსულვარ ტრიბუნასთან და არ მითქვამს, მაგრამ დღეს, რადგანაც ამან მიიღო არამარტო ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სახე, მე ვალდებული ვიყავი და მიხარია, რომ ეს პოზიცია გამოვხატე და თავი არ დავუხარე. ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის მე დღეს ვარ იმედი, რომ ამ ქვეყანაში წესიერად კეთება საქმის არის პერსპექტიული, მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში სრულდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით გამოდიან ბრალდებულები.
ამის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. შესაძლოა, გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზევე გახდეს ცნობილი, ან მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს და გადაწყვეტილებისთვის კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი პერიოდი გამოიყენოს.
ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია მოახდინეს.
დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც.