საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე;
სამინისტროში აცხადებენ, რომ რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.