„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.
მამუკა ხაზარაძის ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე გადაკვალიფიცირდა. მას 7 წელი მიესაჯა, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამო დადებული ყადაღა.
ბადრი ჯაფარიძის ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, თუმცა ხანდაზმულობის გამო ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც და მოეხსნა ყადაღა მის ქონებას.
ავთანდილ წერეთელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ხანდაზმულობის გამო მისი სასჯელიც გაუქმდა.
მოსამართლის მიერ დასახელებული მუხლი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდნენ და განაჩენს თავიანთ ოფისებში ელოდებოდნენ. ისინი საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებას აპირებენ.
გუშინ, 11 იანვარს გამართულ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს. საქმეს აბსურდული და პოლიტიზებული უწოდეს, მის წამოწყებაში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს იქნება საქართველოში პოლიტიკური დევნის დასასრული.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 2019 წლის ივლისში დაიწყო. 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია მოახდინეს.
დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც.
საქმის გარშემო გამოქვეყნდა არაერთი ანგარიში და დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების კვალი არ იკვეთება და საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.