NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრა იყო რთული და ალიანსსა და მოსკოვს შორის ძირეულ საკითხებზე პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთმა წამოსწია ალიანსის გაფართოების საკითხი, თუმცა მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადაეს, რომ NATO-ში გაწევრება ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.
„ეს არ იყო მარტივი დისკუსია. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან სერიოზული და პირდაპირი საუბარი გვქონდა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. NATO-სა და რუსეთის პოზიციებს შორის ამაზე არსებითი სხვაობაა, რისი გადალახვაც მარტივი არ იქნება.
თუმცა, პოზიტიური ნიშანია, რომ NATO-ელი მოკავშრეები და რუსეთი ერთ მაგიდას მიუსხდნენ ამ არსებით თემებზე სასაუბროდ. ორი წელი მსგავსი შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი იყო.
დღეს რუსეთმა წამოსწია თავისი მოთხოვნა, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ეხება. ეს მოიცავს მოთხოვნას NATO-ს მიმართ, რომ შეწყვიტოს გაფართოება და გაიყვანოს სამხედროები აღმოსავლელი მოკავშირეებისგან.
თავად მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არ შეიცვლება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და თითოეული ქვეყნის უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოების მიმართულება. მოკავშირეებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ისინი არ შეცვლიან თავიანთ შესაძლებლობას, დაიცვან ერთმანეთი, მათ შორის, აღმოსავლეთით სამხედრო ძალების ყოფნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, მათ რუსეთს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესთავაზეს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და გამოთქვეს მზაობა, რომ რუსეთისგანაც მოისმინონ დეტალური ხედვა.
სტოლტენბერგის თქმით, მათი სურვილია, რომ გაუმჯობესდეს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობა, მოხდეს სახიფათო სამხედრო ინციდენტების პრევენცია და შემცირდეს სივრცე კიბერსაფრთხეებისთვის.
„მოკავშირეებმა რუსეთს შესთავაზეს ყურადღების მიქცევა შეიარაღების კონტროლისთვის, განიარაღების პროცესის წარმართვა და სარაკეტო შეიარაღებაზე კონტროლის გამკაცრება. ასევე ბირთვულ იარაღის საკთხისადმი ყურადღების მიქცევა.
კომუნიკაციის კუთხით, NATO-ს ქვეყნები დაინტერესებულები არიან, რომ გაუმჯობესდეს სამხედრო და სამოქალაქო ურთიერთობის არხები, ასევე დაინტერესებულები არიან მოსკოვსა და ბრიუსელში ოფისების აღდგენით.
მოკავშირეები ნათლად ხედავენ ამ მოლაპარაკებებში პროგრესის შესაძლებლობას. მათ ასევე დააფიქსირეს სერიოზული შეშფოთება უკრაინაში და უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო შეიარაღების მობილიზებით. მოუწოდეს რუსეთს დაუყონებლივი ესკალაციისკენ, მისი მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.
მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს სამხედრო აგრესიისთვის მზაობის წარმოჩინებისა და მოკავშირეების მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობისგან. მოუწოდეს, რომ პატივი სცეს მის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ დიალოგი რთულია, მაგრამ აქედან გამომდინარე მეტად საჭიროც.