პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებს მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს. მისი განმარტებით, პროგრამა დაახლოებით მილიონამდე ადამიანს შეეხება. პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა ორი წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა, ამიტომ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.