პირველადი ინფორმაციით, ეს იყო უბედური შემთხვევა, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან - მინისტრი

პუბლიკა

დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მამაკაცის მიერ სავარაუდო თვითმკვლელობა არ უკავშირდება ამ დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ხანგრძლივ  პროტესტს. ის ფაქტს უბედურ შემთხვევად აფასებს.

მინისტრის მტკიცებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა პრობლემებზე და აქვს გეგმა, როგორ უზრუნველყოს 13 ათასი ოჯახი საცხოვრებლით.

„პირველ რიგში მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს იმ წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ მოხდა.

რაც შეეხება „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდანვე იმართება კონსულტაციები და გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმას უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დევნილებს ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ გამოძიებას, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, ნუ შევეცდებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მისი მოადგილე შეხვდა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებლებს, გაეცნო მათ პრობლემებს და გააცნო ხელისუფლების სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები.

„ვფიქრობ, იქ შეთანხმდნენ ყველა ამ დეტალზე და შეთანხმდნენ პერიოდულობაზე, თუ რა პერიოდულობით ვაცნობებდით ამასთან დაკავშირებით გაივლიდნენ სტატუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

მედიის შეკითხვებზე, რომ დევნილებისთვის სამინისტროს პოზიცია მიუღებელი იყო და აანონსებდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მინისტრი პასუხობს, რომ დაინტერესდა მათი პრობლემებით, მოადგილე შეხვდა და სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, შეთანხმებები და დაპირებები ზედმიწევნით ზუსტად შესრულდეს.


16 იანვარს, ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მატ თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.