მათემატიკური მოდელირებით ცირკულაციაში „ომიკრონი“ 50%-ზე მეტია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მათემატიკური მოდელირების მიხედვით ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაცია, სავარაუდოდ, შემთხვევათა ნახევარზე მეტია.

„ომიკრონით“ ინფიცირებული დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1200-ზე ოდნავ მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია ინფიცირებული, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ცირკულაციაში ითვლება, რომ ეს არის, სავარაუდოდ, ნახევარზე მეტი, მათემატიკური მოდელირება მიუთითებს, რომ არის ომიკრონი, აქედან უმეტესობა თბილისშია.

ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს,  რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია ორჯერ, ჰქონდათ ასევე ბუსტერდოზაც გაკეთებული, ამდენად ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ვაქცინაციითაა განპირობებული“, – განმარტავს გაბუნია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 160 კოვიდპაციენტი.