სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია არ აპირებს ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი სამსახურების უფროსების კონკურსში მონაწილეობას.
ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ „რადიო თავისუფლების“ გადაცემა „დილის საუბრებში“ განაცხადა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები 17 იანვარს გამოცხადდა.
თოლორაიამ პროცესს ფარსი უწოდა და კონკურსში მონაწილეობა გამორიცხა.
„რაც შეეხება ახალ კონკურსებს, რა თქმა უნდა, ამ კონკურსებში მონაწილეობას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აქ იღებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც, როგორც იცით, ჩემი თავი დაინახა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არა ამ სამსახურებში. ამიტომ, ფაქტობრივად, მან მისი პოზიცია დააფიქსირა, რომ მისი მხრიდან ჩემი კანდიდატურის წარდგენა პარლამენტში არ მოხდება.
ასევე პარლამენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც კანონი მიიღო და ასევე ვერ დამინახა ვერცერთ პოზიციაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს და ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე სამართლებრივი ბრძოლის საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ამზადებს სარჩელს და მომდევნო კვირაში მიმართავს სასამართლოს.
„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება საკონსტიტუციო სასამართლო. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ მას მივმართოთ. მთავარი პრობლემა, რომელიც არის ამ სამსახურის გაუქმებაში, იცით, თანამშრომლები თავდაპირველად არ ნაწილდებოდნენ არცერთ სამსახურში. თუმცა პარლამენტი იძულებული გახდა, ეს ჩანაწერი გაეკეთებინა კანონში და დღეს თანამშრომლები ნაწილდებიან, მაგრამ ხელმძღვანელი, რომელიც არის არჩევითი თანამდებობის პირი, გათავისუფლდა, ამიტომ მთავარი დავის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება სწორედ ეს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
კანონის მიღების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებდა, თუმცა, 13 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება არ შეიცავს კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას, ამიტომ მან კანონს ხელი მოაწერა.