რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა - საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

„ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.

ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი – 5.

მათ შორის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ნათელა იანქოშვილის და სხვა ავტორების ნამუშევრები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მუზეუმის განცხადებით, დაბრუნების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის იურიდიული სამსახური და კოლექციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ მუზეუმის მიერ დაბრუნებული ექსპონატების დიდი ნაწილი, გაცემული იყო კერძო პირებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე. მათი დაბრუნება იყო რთული და ხანგრძლივი პროცესი. პროცესი დღემდე გრძელდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ წარსულში გაცემული ექსპონატების იდენტიფიკაციაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაზე. ეროვნული გალერეიდან 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გასულია 77 ექსპონატი (ეროვნული გალერეა 2007 წელს შეუერთდა საქართელოს ეროვნულ მუზეუმს).

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, მუზეუმის ფარგლებს გარეთ საგამოფენოდ გასული ექსპონატი, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით, დოკუმენტაციის ვადების მუდმივი განახლებით და მონიტორინგის პირობით“, – აცხადებს ეროვნული მუზეუმი.