ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა

პუბლიკა

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა.

როგორც გახსნის ცერემონიაზე ითქვა, პროექტი „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციის (DFC) ძალისხმევით შესრულდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროექტი რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი აშენებისთვის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც, პრემიერის თქმით, სამომავლოდ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. მან ხაზი გაუსვა, რომ DFC-ს მხრიდან 50 მილიონის ინვესტიცია იქნა გამოყოფილი.

ღარიბაშვილის თქმით, კომპანია „პეისი“ 2020 წლიდან აშენებდა ფოთის ნავსადგურს.

პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყანა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

„ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნავსადგურის გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც მიმართა.

ელჩის შეფასებით, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში.

„ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადჰყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

მისი თქმით, ამ პორტით საქართველო, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ხელს შეუწყობს ვაჭრობას.

„საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამის გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ნავსადგურის ოფიციალური გახსნის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მოითხოვეს. მათ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა სურდათ.