მეტადონითა და ბუპრენორფინით ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებს 5 დღის სამყოფი ოდენობის პრეპარატის ერთდროულად გატანის შესაძლებლობა ისევ აეკრძალათ. შესაბამისი ბრძანება ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გუშინ გამოსცა და ცვლილება ძალაში დღეიდან, 1 თებერვლიდან შევიდა.
თავდაპირველად ეს შესაძლებლობა მოსარგებლეებისთვის 2020 წლის მარტიდან, პანდემიის პირობებში შემოიღეს, თუმცა ის შემდეგ რამდენჯერმე გაუქმდა და ბოლოს კვლავ დაუშვეს.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე აღნიშნული საშეღავათო რეჟიმის გაუქმება მაშინ უარყოფითად შეაფასეს ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებმა. მათი თქმით, დაწესებულებაში ყოველდღიურად სიარული საფრთხეს უქმნის ბენეფიციართა ჯანმრთელობას და მომეტებული რისკის წინაშე აყენებს მათ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შემთხვევების 90% „ომიკრონზე” მოდის, რომელიც აქამდე არსებულ შტამებთან შედარებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
ამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, „პუბლიკამ“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ჰკითხა, რით არის განპირობებული სამინისტროს გადაწყვეტილება.
გაბუნიას თქმით, ე.წ. 5-დღიან რეჟიმზე გადასვლა, ძირითადად, უკავშირდებოდა ტრანსპორტის შეზღუდვას, რათა ბენეფიციარებს არ ჰქონოდათ დამატებითი ბარიერი, ამ კუთხით. მისივე თქმით, პროგრამული საჭიროებიდან გამომდინარე, მუდმივად გამონაკლისის რეჟიმში ეს პროგრამა ვერ გაგრძელდება.
„რიგის მართვის პირობებში სავსებით შესაძლებელია, იქ ისეთი გარემო შეიქმნას, რომ ბენეფიციარები მივიდნენ და ყოველდღიურად აიღონ მედიკამენტი…
…რეალურად, დღეს პროგრამა სავალდებულო წესით ითვალისწინებს ყოველდღიურ გაცემას. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გარკვეული დროით დავაწესოთ განსხვავებული პირობა. გამომდინარე აქედან, განსხვავებული პირობა მუდმივი ვერ იქნება. ისედაც რამდენიმე თვე გაგრძელდა ამ პირობის მოქმედება“, – ამბობს ის.
რეპლიკაზე, რომ იზრდება ინფიცირების რისკი, როდესაც ბენეფიციარს ყოველდღე უწევს სიარული, გაბუნია პასუხობს – „ომიკრონის“ ამგვარი გავრცელების პირობებში ყველას თანაბარი რისკი გვაქვს და ყველგან შეიძლება ეს რისკი იყოს“.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს იმასაც, რომ მიმდინარეობს მუშაობა უფრო მდგრადი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც პროგრამის ძირეულ ცვლილებებს გაითვალისწინებს.
„მეორე მხრივ, არის იმის აუცილებლობა, რომ შეიქმნას მეტად მდგარდი მექანიზმი. ჩვენ პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში სამჯერ მოგვიხდა ამ რეჟიმის ცვლილება. [მნიშვნელოვანია] რომ შეიქმნას მეტად მდგრადი მექანიზმი, რომელიც გააკეთებს იმას, რომ ბენეციფიარებისთვის მოსახერხებელი რეჟიმით და ასევე პროგრამისთვის მისაღები ფორმით მოხდება მედიკამენტების გაცემა.
მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობ, მალე, „გლობალური ფონდის” მხარდაჭერით, ეს მოდელი ჩამოყალიბდება, რათა ჩვენ აღარ მოგვიხდეს ასეთი ცვალებადი პირობების დაყენება პროგრამის ბენეფიციარებისთვის“, – ამბობს გაბუნია.