ავტობუსის მძღოლების უმეტესობა ზეგანაკვეთურად მუშაობს, რაც საფრთხის შემცველია - აუდიტი

პუბლიკა
content image

„ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს ავტობუსის მძღოლების უმეტესობა, რაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს, “– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.  

აუდიტის სამსახურმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესახებ“ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017-2018 წლებში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შემოსავლები ჯამში – 548,138.0 ათასი ლარი იყო, ხოლო ხარჯები – 386,858.3 ათასი ლარი.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს  თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზები (რიყე-ნარიყალა, ჭავჭავაძის გამზირი − კუს ტბა).

2017-2018 წლებში კომპანიაში ერთდროულად დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5,971-დან 6,186-მდე მერყეობდა.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიაში არ არის დაცული შრომის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს მძღოლების უმეტესობა, რაც დასკვნის თანახმად,  შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც, გაზრდილი სატარიფო განაკვეთის გამო.

„2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა. ზეგანაკვეთურ შრომას  განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს, “- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი სამსახურის ანგარიშის თანახმად, კანონის მიერ სამუშაო პერიოდის შეზღუდვა კვირაში 48 საათზე მეტი ხანგრძლივობით, მნიშვნელოვანია გაგებულ იქნეს როგორც დასაქმებულის ინტერესების დაცვის, ასევე შრომის ზოგადი უსაფრთხოების მიმართულებითაც.

„კერძოდ, აღნიშნული კატეგორიის დასაქმებულების სამუშაო პერიოდის ზეგანაკვეთური გაზრდა შესაძლოა შეიცავდეს რისკებს მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისათვის წამგებიანია ფინანსურადაც. კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, დასაქმებულის საათობრივი სახელფასო განაკვეთი იზრდება 25%-ით. 2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით აანაზღაურა 1,310.9 ათასი ლარი