კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
“იორის შესახვევის ერთ-ერთ სახლში მცხოვრებმა კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია რომ ქუჩაში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა, “- ამბობენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მეზობელი სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა გაზის მაღალი კონცენტრაცია.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში: “ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. შეგახსენებთ, რომ კანონით საცხოვრებელ ფართში გაზგაყვანილობის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელია აბონენტი“.