კულტურის სამინისტრომ 2021 წლის 8 დეკემბერს სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. გამოცხადებულ ვაკანსიაზე პრეტენდენტების მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს შესარჩევად სამინისტრო სამინისტროში შექმნილ კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს გადასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურის მინისტრმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე კონკურსის წესით უნდა შერჩეულიყვნენ ხელმძღვანელები, მან რამდენიმე თეატრში ხელმძღვანელის პოზიციაზე დასანიშნად გამოიყენა დისკრეციული უფლება და საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დანიშნა მმართველები. ხოლო ნაწილის შემთხვევაში გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოაცხადა.
რაც შეეხება კონკურსის ჩაშლას – სამინისტროს განმარტებით, სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონკურსები ჩაიშალა შემდეგ თეატრებში:
- გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრი;
- მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრი;
- სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრი;
- ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრი.
რა მიზეზით ჩაიშალა თეატრებში კონკურსები, რა არის სამინისტროს ოფიციალური განმარტება?
24 იანვარს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გორის სახელმწიფო თეატრში კონკურსი ჩაიშალა და ის ხელახლა გამოცხადდა. კონკურსის ჩაშლის მიზეზი განმარტებული არ არის.
ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი კი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. სამინისტროს განცხადებით, კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა – რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა.
მათი თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერცერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა.
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა. სამინისტროს განცხადებით, საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
რაც შეეხება ქუთაისის დრამატულ თეატრს, კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მიმართა 6-მა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა – მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.
კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში, რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სამინისტროს განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მიმართა სამმა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ.
„რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში 29 თეატრი მოქმედებს, მათგან 21-ს თეატრის ხელმძღვანელის ვადა წლის დასაწყისში გაუვიდა. თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები და დამოუკიდებელი რეჟისორები თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პროცესი გაუმჭვირვალე, ხოლო კანდიდატების შერჩევის მეთოდი არადემოკრატიული და დისკრიმინაციულია. ისინი საუბრობენ კანონის განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე სხვადასხვა კონკურსანტთან მიმართებაში.