„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფეიქნიუსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფეიქნიუსსა და „ფეიქინდუსტრიას“ თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ „ვერ ახერხებს და ვერ აღწევს იმ მიზნებს, რაც ფეიქს გააჩნია“.
მათიკაშვილმა, მისი მტკიცებით, ფეიქნიუსების თვალსაჩინო მაგალითებიც მოიყვანა. ერთ-ერთი ფეიქნიუსად ის მიუთითებდა ტელეკოკომპანია „პირველის“ გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ჟურნალისტ ზვიად ქორიძის 2017 წელს, ე.წ. მიყურადებასა და უკანონო მოსმენებს ეხებოდა.
ქორიძე გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრების შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
„…ძალიან მნიშვნელოვანი ასევე თვალსაჩინო მაგალითი ფეიქის, „ფეიქინდუსტრიის“ გახლავთ, ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე. უკვე მე-2, სხვა ტელევიზიის, „ნაცმოძრაობის“ მეორე რუპორის მეშვეობით გაშვებული, სადაც ზვიად ქორიძის საქმეზე პირდაპირ ასე, შავით თეთრზე ტყუილს კადრულობენ. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2017 წელს მიმდინარე, სრულიად კანონიერი გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა, მაგრამ მაინც მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ჩირქი მოცხეს სახელმწიფო ინსტიტუციას და ეს ყველაფერი ტყუილით მიაწოდეს საზოგადოებას“, – აღნიშნა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
სიუჟეტის შესავლისას, რომელზეც მათიკაშვილი საუბრობს, გადაცემის წამყვანი ჰყვება, რომ ქორიძეს სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო მოქმედებების დროს უსმენდნენ. თუმცა ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სასამართლოში გაგზავნილი საქმის მასალებიდან და პროკურორთან ჩაწერილი ინტერვიუდან ჩნდება განცდა, რომ პროკურატურის მიზანი ზვიად ქორიძის მოსმენა იყო და არა თავად საქმის გამოძიება.
სიუჟეტშიც, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ „ყველა სხვა მასალა, რომელიც არ უკავშირდებოდა იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც მისი მოსმენა ლეგიტიმური იყო, უნდა განადგურებულიყო. მისივე სიტყვებით, მით უმეტეს, არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში.
„მახსოვს, რომ გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩანაწერი არ არსებობს. არსებობს ამონაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ერთადერთხელ განხორციელდა მისი [მოსასმენი ობიექტის] სატელეფონო ზარი ჩემთან და ეს სატელეფონო ზარი გაგრძელდა 45 წამს. და საუბრის შინაარსი, როგორც გამომძიებელმა მითხრა, მისთვის უცნობი იყო… იმიტომ, რომ საუბრის შინაარსი არ არსებობდა და ახლა ეს საუბრის შინაარსი გაქვთ თქვენ“, – აღნიშნა ქორიძემ.
იმისთვის, რომ დაგვედგინა ყველა გარემოება, ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და სწორედ ამის ფარგლებში მოხდა ეს ყველაფერი. რაც ყველაზე მთავარია, სისხლის სამართლის საპროცესო ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც ადამიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მას ეს უნდა შეატყობინონ ერთი წლის თავზე.