ნინო ბურჯანაძის აზრით, გიგი უგულავას დაპატიმრების მიზეზი იმ მოლაპარაკებების შეჩერების განზრახვაა, რასაც ოპოზიცია საერთაშორისო მედიატორებთან ერთად ხელისუფლებასთან მართავდა.
მისი თქმით, ხელისუფლებას უფრო და უფრო უჭირდა ოპოზიციის რაციონალური შეთავაზებების უგულებელყოფა, იმ წინადადებების, რომელსაც, როგორც ბურჯანაძე ამბობს, დიპლომატიური კორპუსთანაც შეჯერებული იყო.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დასრულებულია ყველანაირი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, “თუმცა, ხელისუფლება ჩვენ ვერ დაგვაბრალებს მაგიდიდ აყირავებას” – ამბობს ბურჯანაძე. მისი თქმით, “ახლა შეუძლებელია რაიმე მოლაპარაკების გამართვა, რადგან წარმოუდგენელია, თან ელაპარაკებოდე და თან ის გიჭერდეს”.
ამ დრომდე დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით იმართებოდა მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. „ევროპულმა საქართველომ“ ახალი წინადადებაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისთვის „130/20“ საარჩევნო მოდელის შეთავაზებას გეგმავდა.
დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.