ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივლეს და მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღება მოითხოვეს

პუბლიკა

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილს სასამართლოში უჩივის.

სარჩელის მიხედვით, დავის არსს წარმოადგენს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც, მოსარჩელის წარმომადგენლების, გიორგი და ელენე ქიშმარიების მტკიცებით, არის მცდარი ფაქტების შემცველი, მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური.

მოსარჩელის ადვოკატები მოითხოვენ, ცილისწამებად იქნას აღიარებული სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები.

მორალური და რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელე ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილისგან დიდი ოდენობის თანხას მოითხოვს, სასამართლო გადაწყვეტილებამდე კი, მოთხოვნილი თანხის უზრუნველსაყოფად, მათი პირადი ანგარიშების დაყადაღებას.

მოვითხოვთ, ყადაღა დაედოს ნოდარ მელაძის და მაკა ანდრონიკაშვილის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, სასარჩელო მოთხოვის 20 000 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, – ნათქვამია სარჩელში, რომელიც „პუბლიკისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.

შუამდგომლობის მიზნად დასახელებულია მოსარჩელის ინტერესების დაცვა და სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, რომლის უმთავრეს საშუალებად მოსარჩელე განიხილავს მოპასუხეთა მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.

მოსარჩელის წარმომადგენლები წერენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების ანგარიშები არ დაყადაღდება, მათი მოთხოვნა, რომელიც სოლიდურ თანხას წარმოადგენს და მისი უკან დაბრუნების გარანტია არ აქვთ, ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

მათი მტკიცებით, ცალსახად დგინდება მორალური და რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტი და მისი ანაზღაურების აუცილებლობა.

სასამართლომ უარი განაცხადა მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაზე იმ არგუმენტით, რომ მსგავსი უკიდურესი ღონისძიება ფიზიკური პირების მიმართ უფლებების მნიშვნელოვნად შეზღუდვას გამოიწვევს.

ნოდარ მელაძის პოზიცია

ნოდარ მელაძის განცხადებით, სიუჟეტი ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტითაა გაკეთებული. მისი თქმით, ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა საქმის ყველა ფიგურანტთან ჩაწერა ინტერვიუ. მისი მტკიცებით, რეპორტაჟი მყარ მტკიცებულებებს ეფუძნება.

ნოდარ მელაძე საქმის წამოწყებას კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის მორიგ მცდელობასა და პრემიერის პირად შურისძიებას უკავშირებს.

„გადაწყვიტეს, ჩვენზე დაიწყოს პერსონალური თავდასხმა, პრაქტიკა დაიწყეს, რომ დაიწყონ ბევრი სასამართლო დავა ჟურნალისტების წინააღმდეგ ისე, რომ კანონს აუარონ გვერდი. კანონი გვეუბნება, რომ ჟურნალისტი მოპასუხე არ შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი. სასამართლო ცდილობს, კანონს გვერდ აუაროს. კანონში წერია, რომ მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს, რომ მოპასუხემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა პირდაპირი განზრახვით, რაც რთულია“, – განაცხადა მელაძემ „TV პირველის“ ეთერში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, ეს შემთხვევა მედიის მიმართ გამოვლენილ ტენდენციებს შორის ყველაზე საშიშია.

„ცხადია, ხშირად ვსაუბრობთ ფარულ მიყურადებაზე, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხშირად იხურება გადაცემები […], ასევე ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ გასცემენ კონკრეტულ ინფორმაციას, საჯარო მოხელეები არიან ხელმიუწვდომელნი, ხშირად ხართ მუქარის და შეურაცხყოფის რისკის ქვეშ, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა, შუამდგომლობა, რომ ქონება დაყადაღდეს ჟურნალისტების, არის ძალიან საშიში მოთხოვნა და ამ მოთხოვნას ვუყურებთ ორ – სამართლებრივ და პოლიტიკურ – ჭრილში.

როდესაც საქმე უკავშირდება ხელისუფლების მაღალჩინოსანს და მის ოჯახთან დაკავშირებულ დავას, ცხადია, აქ არის პოლიტიკური განაცხადი.

როცა ვსაუბრობთ სამართალზე, უნდა დავეყრდნოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ იმ სტანდარტს, რომელიც არის ფართო, კარგად მოწესრიგებული და შეუძლებელია, იურისტი, რომელიც ამზადებს ცილისწამებაზე სარჩელს, აცდეს მე-6 მუხლს, სადაც სასამართლო გარანტიებზეა საუბარი.

ამ მუხლშია ჩანაწერი, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავებზე არ შეიძლება, ჟურნალისტი იყოს მოპასუხე. მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე, რადგანაც იგულისხმება, რომ მედიაორგანიზაცია არის ფორმალური წარმონაქმნი დირექტორით, იურისტით და მდგრადია სამართლებრივ გამოწვევებთან. არც ერთ შემთხვევაში დავა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტს, მან არ უნდა იგრძნოს, რომ ცენზურა მიმდინარეობს მისი მუშაობის საპირწონედ.

ეს შუამდგომლობა ეხება არამხოლოდ ჟურნალისტს, როგორც მოპასუხეს, მეორე საკითხია ის, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა პირადი ცხოვრების და ქონების დაყადაღების. როდესაც საქმე შეეხება პირად უსაფრთხოებას, ქონებრივ უსაფრთხოებას, რაზეც ჟურნალისტების და მათი ოჯახის რჩენაა დამოკიდებული, არის მათი მიმართულებით უსამართლო. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს ცენზურის და თვითცენზურის გაღვივება, რათა ჟურნალისტმა იგრძნოს, რომ მისი მუშაობის ტენდენციები, შესაძლებელია, მის ოჯახზე აისახოს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ „TV პირველის“ ეთერში.

სიუჟეტი

სიუჟეტი, რომლის გამოც ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივიან, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 2021 წლის 25 დეკემბერს გავიდა.

სიუჟეტში მოთხრობილია კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს რაიონში ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესინტერესების შესახებ.

სიუჟეტის მიხედვით, სავარაუდოდ, დედოფლისწყაროში, ღვინის მშენებარე ქარხნის და ხორბლის საცავების ბიზნესში პრემიერის მამის ინტერესებია ჩართული.

ამავე სიუჟეტით, ამ ბიზნესის ერთ-ერთი მფლობელია ამ საქმეში მოსარჩელე ნუგზარ ალუღიშვილი, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ღარიბაშვილის მამის ქონების არაფორმალური განმკარგავია. ჟურნალისტი ამ ცნობის გავრცელებისას ღარიბაშვილის გარემოცვიდან წყაროს ეყრდნობა.

სიუჟეტის მიხედვით, ღვინის ქარხანა, ჰექტრობით მიწა და ხორბლის საცავი შპს „ქართულ ფესვებს“ ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფოსგან კომპანიამ 25 ათას ლარად იყიდა. ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ რეალურად ეს ქონება ღარიბაშვილის მამას გადაეცა და მის სახელზე რომ არ დარეგისტრირებულიყო, ამიტომ გაფორმდა ნუგზარ ალუღიშვილის ოჯახის სახელზე.