საგარეო: უკრაინაში ქართველ დიპლომატებს მიეცათ მხოლოდ რეკომენდაცია, თუ სურთ, გამოიყვანონ ოჯახის წევრები

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.

მათი ცნობით, ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ.

ეს ინფორმაცია საგარეო უწყებამ „პუბლიკას“ შეკითხვის პასუხად მიაწოდა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა. მოგვიანებით, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა დონეცკსა და ლუჰანსკში.

წუხელვე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია ჯერჯერობით ისევ კონტროლს ექვემდებარება და უკრინაში არაა იმისი მიზეზი, რომ ხალხმა ქაოსურად დაიწყოს მოქმედება. ზელენსკის თქმით, თუკი უსაფრთხოების რისკი გაიზრდება, ამის შესახებ მოსახლეობას აცნობებენ.

ზელენსკი ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტს მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინამ ასევე დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევისა და ეუთოს ფარგლებში საგანგებო შეხვედრის საკითხები. ზელენსკის ასევე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების აღიარება ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებებიდან გავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეაფასეს ევროსტრუქტურებმა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა, რომელბმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თეთრი სახლის განცხადებით კი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებისთვის სანქციების დაწესებას იწყებენ.