ეს არის საშინელი დღე უკრაინისათვის და ბნელი დღე ევროპისთვის - გერმანიის კანცლერი

პუბლიკა

„გერმანია უმკაცრესად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ დაუნდობელ აქტს“ – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას. მისივე განცხადებით, დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში დღეს კონსულტაციებს გაივლიან.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მას გამართლება არ აქვს. გერმანია უმკაცრესად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ დაუნდობელ აქტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის მოსახლეობას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სამხედრო ოპერაცია. დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში დღეს ჩვენ კონსულტაციებს გავივლით. ეს არის საშინელი დღე უკრაინისათვის და ბნელი დღე ევროპისთვის“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.


დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.