„მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციისთვის“ | ცხინვალში ჯარი ყაზარმებში გამოიძახეს

პუბლიკა

დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც განაცხადა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ საქართველოს მხრიდან პროვოკაციების მოსაგერიებლად.

ბიბილოვის თქმით, რუსეთი იძულებული გახდა, წამოეწყო სამხედრო ოპერაცია დონბასში გართულებული სიტუაციის გამო, რათა „უზრუნველეყო სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოება“. გარეშე ძალები კი შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ გააქტიურდნენ, მათ შორის, საქართველოც და ცხინვალი ამისთვის მზად უნდა იყოს.

„საქართველო შეიძლება ჩაერთოს დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ, რისთვისაც სამხრეთ ოსეთი სრულად უნდა იყოს მზად“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ამის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში უნდა მოვიდნენ და ყაზარმებში გამოიძახეს.