თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიუღებლად მიაჩნიათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია.
„მიუღებლად მივიჩნევთ და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას.
ეს თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთი მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული და ის ეწინააღმდეგება ომის საშუალებით საზღვრების შეცვლას.
თურქეთი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს უსამართლო და უკანონო ქმედება.