დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის ფინანსური ბაზრიდან ჩახსნიან რუსულ ბანკებს და გაყინავენ მათ ანგარიშებს, სანქციები დაუწესდება კიდევ 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ავიაკომპანია „აეროფლოტს“ აეკრძალება დიდი ბრიტანეთის აეროდრომების გამოყენება და სხვ.

ახალი სანქციების მთლიანი ჩამონათვალი, როგორც BBC წერს, ასეთია:

  1. ყველა წამყვანი რუსული ბანკის ანგარიშები გაიყინება და გამოეთიშება დიდი ბრიტანეთის საფინანსო სისტემას. ამით ბანკებს შეუწყდებათ გირვანქა-სტერლინგის გამოყენებაზე წვდომა. მათ შორის, სანქციები დაუყოვნებლივ გაიყინება VTB ბანკისთვისაც;
  2. დამტკიცდება კანონი, რომელიც შეუჩერებს რუსულ კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსური ბაზრიდან ფინანსების მოძიბას;
  3. ანგარიშები გაიყინება კიდევ 100 ფიზიკური და იურიდიული პირისთვის;
  4. „აეროფლოტის“ ავიაკომპანიას აეკრძალება დიდი ბრიტანეთის აეროდრომების გამოყენება;
  5. შეჩერდება ორმაგი გამოყენების ექსპორტისთვის ლიცენზიების გაცემა, რომელიც მოიცავს ლიცენზიებს სამხედრო მიზნებისთვის;
  6. მომდევნო დღეებში დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში;
  7. დაწესდება სადეპოზიტო ლიმიტები ბრიტანულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეებისთვის;
  8. შესაძლოა, რუსეთი გამოთიშონ SWIFT-დან – ჯონსონის თქმით, ეს „არ არის გამორიცხული“;
  9. ეს სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც რუსეთისთვის შეჭრაში დახმარებისთვის;
  10. დიდი ბრიტანეთი დაიწყებს მუშაობას ეკონომიკური დანაშაულების აქტზე.