პარტია „ლელო“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „TV პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის მხრიდან ერთი კანდიდატის წარდგენას „პრინციპში ეთანხმება“, მაგრამ პარტია მშენებლობის პროცესშია და „ლელო“ დამოუკიდებელი ძალაა.
„ჩვენ არ გამოვკლებივართ არც მიტინგს, არც შეკრებას და არც იმ მოთხოვნების დაყენებას, რომელიც ოპოზიციამ დააყენა. რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებას ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით, პრინციპში ჩვენ ამას ვეთანხმებით, მაგრამ ახლა ვართ პარტიული მშენებლობის პროცესში… ჩვენ არ მივდივართ იმისაკენ, რომ ვიღაცასთან გავერთიანდეთ, ჩვენ დამოუკიდებელი ძალა ვართ, რომ ეს ორპოლუსიანობა დავამთავროთ, მაგრამ დღეს ქვეყანას „ქართული ოცნების“ პრობლემა აქვს, შესაბამისად, კოორდინაციაში ვიქნებით, რომ ისეთი მოლაპარაკება ჩატარდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ოპოზიციურ ძალებს შორის გამარჯვება გარანტირებული იყოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
11 თებერვალს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრის დასრულების შემდგომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი კანდიდატი, თუმცა მისივე თქმით, თუ როგორ მოხდება მაჟორიტარების გადანაწილება, ამაზე უფრო კონკრეტულად კონსულტაციების შემდგომ შეჯერდებიან – „კონსულტაციები მიმდინარეობს. თბილისის შედეგთან ძალიან ახლოს ვართ“.