ჰოლივუდის უმსხვილესი კინოსტუდიები რუსეთში ფილმების გაშვებას აჩერებენ

პუბლიკა

ჰოლივუდის კინოსტუდიები – Disney, Warner Bros. და Sony Pictures Entertainment აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ფილმების გაშვებას აჩერებენ.

Disney-ს განცადებით, Pixar-ის ანიმაციური ფილმის – Turning Red პრემიერა რუსეთში აღარ გაიმართება. WarnerMedia კი აცხადებს, რომ რუსეთში „ბეტმენის“ ახალ ფილმს აღარ უჩვენებენ.

„გადაწყვეტილებას ვითარების შესაბამისად შევცვლით. ლტოლვილთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით,  ვმუშაობთ პარტნიორ არასამთავრობოებთან ერთად, რათა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გავცეთ“, – აცხადებს Disney.

Sony Pictures Entertainment-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამო „რუსეთის კინოთეატრებში დაგეგმილი კინოპრემიერები აღარ შედგება, მათ შორის, „მორბიუსის“ პრემიერა“.

გასულ კვირას უკრაინის კინოაკადემიამ პეტიცია შეადგინა და მსოფლიოს მოუწოდა, გამოუცხადონ ბოიკოტი რუსულ კინოთეატრებსა და კინოინდუსტრიას.

Comscore-ის მონაცემებით, მსოფლიოში გაყიდული ბილეთების 2,8% რუსეთზე მოდის. გასულ წელს ჰოლივუდისთვის რუსული ბაზრიდან შემოსავალი 601 მილიონი აშშ დოლარი იყო.