მოხალისეების წასვლა ჩვეულებრივი ამბავია, სახელმწიფოს ხელშეშლის უფლება არ აქვს - ზაქარეიშვილი

პუბლიკა

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოხალისეებთან დაკავშირებით.

ის ამბობს, რომ „საქართველომ რომ არ უნდა გაგზავნოს ჯარები, როგორც სხვა ქვეყნები არ გზავნიან, და ეს ნორმალურია, მაგრამ მოხალისეებისთვის ხელის შეშლა აბსოლუტურად არასწორია”.

მისი თქმით, მოხალისები, ომის ვეტერანებიც კი, მიდიან ბრიტანეთიდანაც, საფრანგეთიდანაც და ეს ჩვეულებრივი ამბავია. „ესაა მოქალაქის უფლება. მე რომ გავდივარ საქართველოდან, არავისი საქმე არაა, სად მივდივარ მე. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. საქართველო მე არ მაფინანსებს, საქართველო მე არ მგზავნის, მას არავითარი ვალდებულება არ აქვს. ძალიან ცუდია, როცა სახელმწიფო თავს აიგივებს მოხალისეებთან და პასუხისმგებლად მიიჩნევს თავს“. – გვითხრა ზაქარეიშვილმა.

როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველოს მთავრობა? პოლიტოლოგის თქმით, ღარიბაშვილს შეეძლო, საერთოდ არ გაემახვილებინა ყურადღება ან ეთქვა, რომ საერთოდ არ იცის, სად მიდის მისი მოხალისე, რომ მოქალაქე თავისუფალია, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ვაკონტროლებთ მოქალაქეებს ვინ, სად, რისთვის მიდის.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ  ღარიბაშვილს შეეძლო ეთქვა, რომ არ მიესალმება მოხალისეების გადაწყვეტილებას („მე მივესალმებოდი, მაგრამ ვამბობ ღარიაბაშვილის გადმოსახედიდან” – დასძენს იგი) შეეძლო ეთქვა, რომ თუ მოქალაქე კანონს არღვევს, რომ დაბრუნდება, ამას განვიხილავთ (და მერე ცხადია, არაფერს განიხილავდა), ნებისმიერ შემთხვევაში მოქალაქეს ვერ შეზღუდავ გადაადგილებაში. – გვითხრა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, მოხალისეებისთვის ხელის შეშლას არავითარი სამართლებივრივი გამართლება არ აქვს, „თუ ჩარტერული რეისი ხორციელდებოდა წესების დაცვით, ნავიგაციის, ფრენის, აეროპორტის… მაშინ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციაა რომ არ სვამ თვითმფრინავს, რაღაც მიზეზი ხომ უნდა დაასახელო?  – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი