2021 წელს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - კვლევა

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა ახალი კვლევა  – საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და რუსული კომპანიები საქართველოში”.

კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ 2021 წელს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან რუსეთმა პოლიტიური მიზნებით არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას  და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია.

ამ კვლევით, TI-იმ, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები შეისწავლა.

კერძოდ, გაანალიზა 2021 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, ასევე, საქართველოში მომუშავე რუსული კომპანიებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ.

2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს მშპ-ს 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%).

კვლევის სხვა მიგნებებიდან აღსანიშნავია:

რუსული კომპანიები საქართველოში

  • საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან;

  • ამ 7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1 230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5 500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1 200-2018 წელს დაფიქსირდა;

  • რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია;

  • მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში;

  • 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

  • აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია;

  • სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს: „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი).

ვაჭრობა

  • 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით. რუსეთს საქართველოს ექსპორტში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს;

  • რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა;

  • 2021 წელს რეკორდულად მაღალი იყო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც, რომელმაც 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა;

  • იმპორტის მხრივ საქართველო ყველაზე მეტად რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 220 აშშ დოლარიდან 260 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რუსულ პროდუქციას საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% ეკავა. გასულ წელს 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიტანეთ;

  • ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოს 77 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.

ვიზიტორები და ფულადი გზავნილები

  • 2021 წლის ზაფხულიდან რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია;

  • რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება, თუმცა იგი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.

კვლევის მიგნებებზე დაფუძნებით, ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე:

  • პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;

  • მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;

  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;

  • წინა წლებისგან განსხვავებით, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;

  • სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს იმ რუსული კომპანიების მონაწილეობა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო.

კონკრეტული კომპანიები, მათი შესყიდვები და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები იხილეთ ამ ბმულზე ვრცლად.