საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ მედიაში უკრაინის ელჩის კომენტარი დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.
„საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამ ფონზე მედიაში ვრცელდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი/მანიპულაციური ხასიათის მასალა, რომელიც ცვლის ინფორმაციის შინაარსს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
მედიაში და ფეისბუკზე „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი ვრცელდება:
„თუმცა, ბუნებრივია, ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ. არავის არაფერი არ აუკრძალავს. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. პრობლემა შეიქმნა ჩარტერულ რეისზე ნებართვის მიღებაზე, რადგან წინასწარ არ იყო შეთანხმებული ფრენის დეტალები და არ ჰქონდა თვითმფრინავს ნებართვა ფრენაზე. არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაცია. სხვა მხრივ პრობლემა არაა. ვის როგორც შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას. დიპლომატიური თვალსაზრისით, პოზიცია გასაგებია. ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერნი ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის.“
„მთავარმა არხმა“ უკრაინის ელჩთან ჩაწერილი ინტერვიუს რუსულენოვანი სრული ვერსია გამოაქვეყნა.
რა თქვა უკრაინის ელჩმა მთავარ არხთან ინტერვიუში:
რაც მოხდა, ვფიქრობ, ყველაფერი შესანიშნავად იცით. მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა განვიხილოთ. როგორც ჩანს, ბევრი რამის განხილვაა საჭირო. ასეთ საკითხებს ტელეფონში არ განიხილავენ, ამიტომ ინსტრუქცია მომცეს, რომ კონსულტაციისთვის ჩავიდე.
როგორც ვიცით, ეს იყო შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ეს მოხალისეები გაემგზავრებოდნენ. რატომ გადაიფიქრეს ასე უცებ?
მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. იყო მკაფიო აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება და ყველა სხვა ორგანო არ შეეხებოდნენ მათ, ვისაც გამგზავრება სურდათ, თუმცა თვითმფრინავის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. ასე რომ, ეს სულ სხვა ამბავია.
რაც შეეხება ექიმებს, ექიმებსაც აუკრძალეს?
არავის არაფერი არ აუკრძალავს. ეს არასწორი ინფორმაციაა. საუბარი იყო იმაზე, რომ, როცა იყო საშუალება და აუცილებლობა, ჩვენ ვერ შევძელით თბილისიდან მიგვეღო ჩარტერული რეისის უფლება. სულ ეს არის. სხვა მხრივ, არავითარი პრობლემა არაა. ვისაც სურს, ვისაც შეუძლია, სხვადასხვა გზით ჩამოდიან უკრაინელთა დასახმარებლად.
საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შესახებ თუ შეგიძლიათ რამე გვითხრათ. თქვენ, ცხადია, ამაზე დიპლომატიურად ისაუბრებთ, მაგრამ მაინც.
დიპლომატიურად ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, ნათელია. მას თქვენც ნათლად ხედავთ და ქართველებიც კარგად ხედავენ. ჩვენ მადლიერნი ვართ იმ დახმარების გამო, რომელიც მივიღეთ და მადლობელნი ვიქნებით ნებისმიერი სხვა მოქმედებების გამო, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ამ ომში გავიმარჯვოთ.
———————————————————————————————————————-
28 თებერვალს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველომ უკრაინის მხარეს ჩარტერული რეისით საქართველოდან მოხალისეების წაყვანაზე ნებართვა არ მისცა. ამავე დღის საღამოს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ღარიბაშვილს მოუწოდა, გამოიჩინოს გამბედაობა და გასცეს ფრენის ნებართვა. საქართველოდან ფრენის ნებართვის გაცემა ქვეყნის ომში ჩართვის ტოლფას მოვლენად შეაფასეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.