პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ ესმის, თუ რატომ ვერ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა მოუწოდებს – „ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ – დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“.
მან ეს განცხადება დღეს, 4 მარტს, თბილისში „რონდელის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე გააკეთა.
„ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას ეს შედეგი მოჰყვა. ეს რომ არა, ასეთი ტრაგედია არ მოხდებოდა და ა.შ. – ბევრჯერ მოვისმინე ასეთი რიტორიკა. მინდა გავიხსენო, რომ 1923 წელს ფინეთს არ გაუღიზიანებია სტალინი. მან თავად დაასკვნა, რომ რუსული იმპერიის საზღვრები უნდა შეცვლილიყო. იმედია, პუტინი კბილებს დაიმტვრევს უკრაინასთან, სწორედ ისე, როგორც სტალინს დაემართა ფინეთთან.
ბოლოს მინდა, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს – მესმის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ – პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ – დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში. გმადლობთ“