რამდენიმე საათის წინ რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მარიუპოლის სამშობიაროზე.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან ფეხმძიმე ქალები.
„მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე: ხალხი ნანგრევების ქვეშ; ბავშვები ნანგრევების ქვეშ; ეს სისასტიკეა! მდუმარე მსოფლიო როდემდე აპირებს, იყოს ტერორიზმის თანამონაწილე? სასწრაფოდ ჩაკეტეთ ცა! სასწრაფოდ შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამშობიაროზე თავდასხმას საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ამ ქმედებას „აბსოლუტურად საძულველი” უწოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა კი, რომელსაც ტრასთან მართავდა შეხვედრას, განაცხადა, რომ რუსეთმა ნება უნდა დართოს მოსახლეობას, დატოვონ ქალაქები, რომლესაც ისინი დაუნდობლად ბომბავენ.
სამშობიაროს დაბომბვას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერიც – “ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური” – დაწერა მან.