აჭარაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ და აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები ქმნიან ეროვნული თანხმობის პეტიციას, რომლითაც, მათი თქმით, გაძლიერდება რიჟვაძის გადაყენების პროცესი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აკრიტიკებს თორნიკე რიჟვაძის განცხადებებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით. როგორც ის ამბობს, რიჟვაძე ვერ ბედავს, მოიხსენიოს რუსეთი, როგორც ოკუპანტი და აგრესორი. კირთაძისვე თქმით, გარდა ამისა, რიჟვაძე 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშულებს.
ოპოზიციის შეფასებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესთან, რის გამოც უნდა დატოვოს დაკავებული პოსტი.
„აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან რიჟვაძის განცხადებას, რომლის ზეწოლითაც მათ ვერ შეძლეს 2 კვირის განმავლობაში ინიცირებული რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა, ახლა მაინც ჩამოირეცხონ სირცხვილი და მხარი დაგვიჭირონ“, – განაცხადა კირთაძემ.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს აჭარის მოსახლეობის პოზიციას.
„ფაქტია, ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფალი დღემდე 2008 წლის ომში ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას; უკრაინაში რუსეთის ომში ირჩევს სიჩუმეს და ამით ადანაშაულებს უკრაინას – ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რომელზე პასუხისგებაც მას მოუწევს გადადგომით და საკუთარი რეპუტაციით“, – განაცხადა კუპრაძემ.
7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – რუსეთმა თუ უკრაინამ, არ უპასუხა. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ.
მოგვიანებით რიჟვაძემ სოციალურ ქსელში მისი კრიტიკის საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „დაკავშირებულმა და ანგაჟირებულმა“ მედიასაშულებებმა მისი ბიოგრაფიის და საგარეო პოლიტიკური კურსის გაყალბებისთვის მოიცალეს.
„მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო?“, – დასვა შეკითხვა რიჟვაძემ.